აფრასიძეების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე ადვოკატთან ერთად, 9 ივლისს გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც დოდო აფრასიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებასთან ერთად, შეხვედრაზე მოითხოვს 2004 წლის სპეცოპერაციისას მისი ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
„ზარალი მოგვაყენეს, ყველაფერი გადაგვიწვეს, აბსოლუტურად არაფერი დაგვიტოვეს, ამას მოვახსენებ ირაკლი შოთაძეს. ვინც დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს – სააკაშვილი, პირველ რიგში ბარამიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ საქმეს, ასევე უნდა დაისაჯონ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი. ყველა ამ საქმეში მონაწილეობდა. როდესაც სპეცოპერაცია ტარდებოდა, იქ იყო ბადრი ბიწაძეც“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა 9 ივლისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.