აფხაზეთში „კანონიერი ქურდების“ მკვლელობის გამო ე.წ. გენერალურ პროკურორს გათავისუფლება ემუქრება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გენერალურ პროკურორს, ზურაბ აჩბას გათავისუფლება ემუქრება. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, შესაბამისი მოთხოვნით ე.წ. პარლამენტს რაულ ხაჯიმბამ მიმართა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება „ძალოვანებთან“ თათბირის შემდეგ მიიღო.
საქმე ეხება რუსეთის მეირ ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრის თვეში მომხდარ დანაშაულს. კერძოდ, სოხუმის სანაპირზე სროლას, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს. კიდევ ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, დღეს სოხუმში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების უმეტესობა მოკლულების ნათესავები და ოჯახის წევრები არიან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „ძალოვანებს“ ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა. თუმცა, ხაჯიმბა ე.წ. პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.