აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქის განცხადებით, აფხაზეთში სიტუაცია უნდა დარეგულირდეს. რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით კი, აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც 2-3 წევრისგან დაკომპლექტდება.
„ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია, აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაცია, ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასეთ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის, სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. აფხაზეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა აქ და მითხრა ამ განხეთქილების შესახებ. მან მითხრა, რომ შეიძლებოდა მოემზადებინა იქ ჩემი სახლი. მე აფხაზეთში სახლი მაქვს, როდესაც იქ ვცხოვრობდი, მაშინ შევიძინე ნინოშვილის 13 ნომერში. ახლა იქ ვიღაც ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის, ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან, ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“, – განაცხადა ილია მეორემ.
„აფხაზეთში სიახლე არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ის ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიად გამოაცხადეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროდ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით. ჩვენ მზად ვართ, შევუდგეთ მუშაობას, რადგან იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში? ალბათ 2-3 საკმარისი იქნება, ველოდებით თქვენს პასუხს”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე.