აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა, წლებია, აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ.
მისი თქმით, ყოველდღე ირღვევა იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებები, მათ არ შეუძლიათ ქართულად საუბარი, განათლების მიღება, მათთვის არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და აკრძალული აქვთ გარკვეულ საჯარო სამსახურებში მუშაობის უფლება.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან მიმდინარეობს ბრძოლა ქართული იდენტობის წინააღმდეგ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია მომზადდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის პრობლემების შესახებ, მათ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ამიტომაც გადაწყდა, რომ აფხაზეთის მთავრობა საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით რუსეთის, როგორც ოკუპანტის წინააღმდეგ ჰააგის ევროპულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, სარჩელი 2020 წლის მეორე ნახევარში მომზადდება და მაშინ მოხდება მისი შეტანა ჰააგის სასამართლოში.