აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული მურთაზ გოგიას ცხედარი ფოთში დღეს დაკრძალეს
აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული მურთაზ გოგიას ცხედარი ფოთში, მალთაყვის უბნის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„დღეს კიდევ ერთხელ განგვიახლდა ტკივილი. ვუსამძიმრებ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ამდენი წლის შემდეგ, ახლობლების დატირებისა და ტრადიციისამებრ დაკრძალვის საშუალება მიეცა.
ყველა ადამიანი, მებრძოლი თუ მშვიდობიანი მოქალაქე, არის გმირი, ვინც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათ შორის, შვიდი მებრძოლი (გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე), ერთი მოხალისე (მიხეილ ქაჯაია) და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა (ჯულიეტა გულუა, მიხეილ გულუა, მურთაზ გოგია, ალექსანდრა ბეჭვაია-უნგიაძე).