აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მინდობით აღზრდით ერთ-ერთ ოჯახს გადასცეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი 2 წლისა და 9 თვის ბავშვი, რომელსაც სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მინდობით აღზრდით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოჯახს გადასცეს. საქმე ეხება, დაახლოებით 10 დღის წინ, მომხდარ ფაქტს, როდესაც მცირეწლოვანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სხვადასხვა დაზიანებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
კლინიკის ექიმის, მზია გერგედავას თქმით, ბავშვს სახეზე ესკორიაციები, შეშუპება, სილურჯე და რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნებოდა.
„დაზიანებები ასაკთან შეუსაბამო იყო. ადგილზე მოვიდა სოციალური მუშაკი, გაარკვია საქმის ვითარება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაწერილ იქნა საავადმყოფოდან“, – განაცხადა გერგედავამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტ უტა მიქაძის განცხადებით, ბავშვი მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„შეტყობინება მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მას შემდეგ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფოში მივიდა ჩვენი სოციალური მუშაკი.
ბავშვს აღენიშნებოდა სავარაუდო ძალადობა სხეულზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვი კი მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, დედას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოინახულოს“, – განაცხადა მიქაძემ.
2 წლისა და 9 თვის ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.