აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - სოხუმში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მასშტაბით აფხაზეთის იმიჯზე ნეგატიურად აისახება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მასშტაბით აფხაზეთის იმიჯზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ დაურ კოვემ გამოცემა „ნუჟნოი გაზეთთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ აღნიშნა, სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს და მომავალში აფხაზეთის განვითარებაზე აისახება.
„ეს სიტუაცია ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო მასშტაბით ჩვენს იმიჯზე, რადგან მომხდარი რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას. ამ შემთვევაში, ჩემი მოსაზრებით, მოლაპარაკებები აუცილებელია. სწორედ ამას ამბობდა გუშინ პრეზიდენტი. ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.