აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი - აფხაზეთში ვითარება კრიტიკულია
აფხაზეთში ვითარება კრიტიკულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ალხას კვიცინიამ განუცხადა.
როგორც ალხას კვიცინიამ აღნიშნა, არანაირი წინასწარ მოფიქრებული გეგმა არ არსებობს, შეშფოთებული ხალხი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა და სურდა კითხვების დასმა.
„სიტუაცია კრიტიკულია, რესპუბლიკაში მღელვარებაა. მომავალში გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები. არანაირი წინასწარ მოფიქრებული გეგმა არ არსებობს, შეშფოთებული ხალხი მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. ჩვენ გვინდოდა კითხვების დასმა მასთან, ეს არის რესპუბლიკის საზოგადოება, ესენი არის ხალხი“, – განაცხადა ალხას კვიცინიამ.
მისივე თქმით, ხალხი არ აპირებს დაშლას, ამბობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
კითხვაზე, სად არის რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიცინია აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, მაგრამ აქვს ვარაუდი, პრეზიდენტი იმყოფება აგარაკე.
„არ ვიცი, სად იმყოფება, ალბათ რომელიმე სამთავრობო აგარაკზეა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ის არ იმყოფება. არ ვიცი სავარაუდოდ გაიყვანეს ის“, – განაცხადა ალხას კვიცინიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა ეჭვი, რომ სამხედროებიც გამოიყენონ, კვიციანია აცხადებს: „არ ვფიქრობ, რომ იქნებიან გამოყვანილი“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ „უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.