აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი - სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა
სოხუმში რამდენიმე ადამიანმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ტერიტორიაზე მივიდა ადამიანთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაცვის თანამშრომლები „იძულებულნი გახდნენ, გამაფრთხილებელი გასროლები განეხორციელებინათ”.
„ამ ქმედებებმა საშუალება მოგვცა, სიტუაცია დაგვესტაბილურებინა და კონფლიქტის განვითარება აგვეცილებინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობ პირთა ჯგუფმა 15 ავტომობილით ტელევიზიის სტუდიის სიახლოვეს „ცეცხლი გახსნა ჰაერში, როდესაც შიგნით თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რითიც დაძაბული ვითარება შექმნა“.
„წინასწარი ინფორმაციით, ქმედებების მიზანია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინება და რედაქციაზე ზეწოლის მოხდენა, თუმცა თანამშრომლები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ, განაგრძონ თავიანთი მოვალეობის შესრულება – ქვეყანაში არსებული სიტუაციის ობიექტური გაშუქება“, – ნათქვამია განცხადებაში.