აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფგან მუხთარლის ძმა რამაზან მუხთარლი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. მისი ცნობით, აფგან მუხთარლი პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც ჟურნალისტი გერმანიაში გაემგზავრა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრით შეეცვალა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.