„აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ მარტში საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა 18 მიმართულებით იყო შესაძლებელი, ზაფხულის სეზონზე კი 27 მიმართულება დაემატება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმზე „კოვიდ-19“-ის გავლენასა და ტენდენციებთან დაკავშირებით რიგით მეორე ვებინარი გამართა.
პანელზე სიტყვით გამოვიდა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი, რომელმაც საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენს, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა. ჭილაშვილის განმარტებით, ICAO-ს მონაცემებით, 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60 პროცენტი შეადგინა, 2019 წელს გლობალური ზრდა 4.9 პროცენტი იყო, ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.
„2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 15 პროცენტამდე ზრდას პროგნოზირებდნენ. გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ 640 პროცენტი შეადგინა, თუმცა 2020 წლის „კოვიდ-19“-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020, ასევე 2021 წლის მოლოდინები.
„კოვიდ-19“-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან, როდესაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისების გაუქმება მოხდა. მარტიდან კი, სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.
მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა, საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა.
პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91 პროცენტიანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა“, -ამბობს ჭილაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით.
„ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება. გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45 პროცენტითაც კი აღდგება“, – განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.