ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებზე ლევან ჯანაშიას წარმომადგენლების საჩივრის განხილვა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებზე ლევან ჯანაშიას წარმომადგენლების საჩივრის განხილვა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებზე ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ჯანაშიას წარმომადგენლების  საჩივრის განხილვა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განხილვაში მესამე მხარედ ჩართვის შესახებ 14 პირის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ აღნიშნულ პირებს მის მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების საშუალება მისცა და ამ მოტივით სხდომა გადადო.

იმ შემთხვევაში, თუ პროცესში მესამე მხარედ ჩართვის მსურველი პირები დღევანდელ განჩინებას გაასაჩივრებენ, ლევან ჯანაშიას წარმომადგენელთა საჩივრის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ან სამი თვის შემდეგ განახლდება, რადგან სააპელაციო სასამართლოს 14 პირის საჩივრის განსახილველად გარკვეული დრო სჭირდება.
ჯანაშია და მისი წარმომადგენლები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას იმ მოტივით ითხოვენ, რომ მათი აზრით, საარჩევნო პროცესი „სერიოზული დარღვევებით ჩატარდა“.
„არჩევნების შედეგები რომ გაყალბებულია, ჩვენ ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას სასამართლოს წარვუდგენთ. საჩივარი, რომლის განხილვაც დაიწყო 8 ადვოკატს გვეკუთვნის, თუმცა მესამე მხარედ  134 ადვოკატია ჩართული, რომლებიც არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა. პირველი ტურის შედეგებს სხვა კანდიდატებმა უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან დაფიქსირდა ბიულეტენების ზედმეტობის რამდენიმე შემთხვევა. საბოლოოდ, მეორე ტური გასული წლის 23 დეკემბერს გაიმართა, რომლის შედეგადაც ასევე დავით ასათიანმა გაიმარჯვა.