ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორს გაამართლებს
ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორს გაამართლებს

საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

ბრალდებულის ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორს გაამართლებს.

ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მეცხრე თვეა სასამართლოში საქმე განიხილება და აღნიშნა, რომ „ლანცეტის“ დირექტორმა 30-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო, რომ შეექმნა ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება, რათა ქართველები სამკურნალოდ უცხოეთში არ წასულიყვნენ.

„მეცხრე თვეა განიხილება ეს საქმე და გამოიკვეთა ერთი რამ, რომ ამ ადამიანმა ჩადო 30-მილიონიანი ინვესტიცია, შექმნა ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება, რათა ქართველები სამკურნალოდ უცხოეთში არ წასულიყვნენ, ხოლო პროკურატურა ეუბნება, რომ მოგებისა და რეკლამის გამო აკეთებდი ამასო. მფლობელს და ინვესტორს ედავებიან, ექიმმა რომ ოპერაცია გააკეთა და ორი ადამიანი გარდაიცვალა, ეს შენი ბრალიაო. ოპერაციაზე გამოიკვეთა უმძიმესი კიბო. იყო ცეროზი და არ იყო გადარჩენის შანსი. რომც ყოფილიყო, ექიმს უნდა ედავონ, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ტრანსპლანტოლოგია და მხოლოდ ორი დღის წინ წაუყენეს ბრალი“, – განაცხადა ადვოკატმა.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.

სამართალდამცავებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს.

„ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.