ადვოკატმა პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა
გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს.
„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განსხვავებების მიუხედავად მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება, მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე აღიქვამს რიგი პოლიტიკური ფიგურების და მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობას. პრეზიდენტისთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე გიგი უგულავამ მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ ყოფილიყო ბარიერი, მაქსიმალური პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია, რომ სიტუაციის განმუხტვას სჭირდებოდა იმ პირების გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი აღიქვამს პოლიტ პატიმრებად. ეს გარდა პერსონალურისა საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის მათ შორის, გიგა უგულავას ციხეში ყოფნის საკითხი. აღნიშნული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი მისი საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – აღნიშნულია ადვოკატის განცხადებაში.