ადვოკატის ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე ინციდენტში მონაწილე პირი პროკურატურაში საკუთარი ნებით მივიდა
თენგიზ გავაშელმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად მივიდა პროკურატურაში და ჩააბარა განცხადება. მიუთითა ყველა მონაცემი. მზად არის, მოხდეს მისი გამოკითხვა, – ამის შესახებ წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, თენგიზ გავაშელის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს გაიგო, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე პირი პროკურორია. თამარ აბესაძის განცხადებით, თენგიზ გავაშელი არ მიმალულა და მისი გამოკითხვა ცოტა ხანში მოხდება.
„პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, რომ დაგვკითხონ. თენგიზ გავაშელი, ვინც სცემა პროკურორს, არ მიმალულა. ორ მოქალაქეს შორის იყო თუ არა იმგვარი ინციდენტი, რასაც მოჰყვება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და არის თუ არა დასჯადი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღეს სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი, რომ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი თავად არის, მეორე კი პროკურატურის თანამშრომელია. დღეს გავაშელმა მომმართა. რა თქმა უნდა, ის შეწუხებული იყო. მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა განცხადება – არსად მიმალულა და სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ მეორე პირი პროკურორი იყო. ეს იყო ორ მოქალაქეს შორის ინციდენტი. გავაშელმა მიიღო გადაწყვეტილება, ის თავად მივიდა პროკურატურაში და ჩააბარა განცხადება, მიუთითა ყველა მონაცემი. მზად არის, მოხდეს მისი გამოკითხვა. ახლა უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა“, – აცხადებს თამარ აბესაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.