ადვოკატის ინფორმაციით, მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ბრალი არ დადასტურდა
ავჭალაში, შემთხვევის ადგილას, სადაც ვალერიან ნემსიწვერიძე მოკლეს, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მივიდა.
ნიკოლოზ წულეისკირმა აღნიშნა, რომ ის გარდაცვლილის ნათესავიც არის. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნემსიწვერიძე ერთხელ იყო ნასამართლევი და დადასტურდა, რომ ის უკანონო პატიმარი იყო.
ამასთან, ნიკოლოზ წულეისკირის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტში მონაწილეობდა 2006 წელს.
„ეჭვი მეპარება შურისძიებაზე. ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ. რომელ შურისძიებაზეა ლაპარაკი. მეუღლე ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, დამირეკა და ძლივს მითხრა, რომ გარდაცვლილია. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, რა მოხდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს“, – განაცხადა წულეისკირმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სარაჯიშვილის გამზირზე მოკლეს, 2004 წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო.
2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის საქმეზე ვალერიან ნემსიწვერიძე და კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. 2007 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ისინი დამნაშვედ ცნო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობების, პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო. მინდაძემ და ნემსიწვერიძემ წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს. სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.