საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა.
„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის წერილი წაიკითხა.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის მყარ გარანტიებს არ მივიღებ. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.