ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ახვლედიანი ჩხუბის მეორე ეპიზოდში მონაწილეობდა, სადაც მას დაზიანებები მიაყენეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად ცნეს. მას ცხვირი და შუბლი აქვს დაზიანებული. დაზარალებულად ცნეს და ფორმალურად დადგენილებას დაზარალებულის თაობაზე მოვაწერეთ ხელი. ეს დაზიანებები მეორე ეპიზოდში მიიღო. პირველი მანქანა როდესაც გაჩერდა, იმ დროს მიიღო დაზიანება, ვიღაცამ ჩაარტყა.
ის დაბადების დღეზე იყო შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად. შაქარაშვილი მერე მივიდა, ესენი ცოტა ადრე იყვნენ მისული. საბურთალოს ჯგუფი რომ მივიდა, „ნახალოვკის“ ჯგუფის წევრები უკვე მთვრალები იყვნენ. პირველივე დღიდან თანამშრომლობს პოლიციასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ. საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.