ადვოკატი - ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაარღვიეს ირაკლი ბათიაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია
ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააყალბეს მტკიცებულებები და შემდეგ ამ გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელეს საჯარო ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილის ბრალეულობის თაობაზე, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„ფაქტობრივად, 2007 წელს შეტანილ იქნა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროა, რომ ამდენი ხანი – 12 წელი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოტანას, მაგრამ ძალიან სასიხარულო დღე დადგა. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გააყალბეს მტკიცებულებები და დაარღვიეს ირაკლი ბათიაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საინტერესოა, თვითონ ევროპული სასამართლოს მსჯელობა იმ კუთხით, რომ ეს ორ ნაწილად არის გაყოფილი. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიჩნეულია როგორც ის, რომ გაყალბდა მტკიცებულება და წერია, რომ სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა ვერავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი იმისა, თუ რატომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, შემდეგ გაყალბებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ცრუ ინფორმაციის გავრცელება და შემდეგ რატომ აკეთებდნენ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება. ეს ყველაფერი დადგინდა ევროპული სასამართლოს მიერ. 2008 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ირაკლი ბათიაშვილის მიმართ. ფაქტობრივად, დღეისათვის ირაკლი ბათიაშვილი არ არის ნასამართლევი პირი და ამიტომ მოხდა, ალბათ, რომ მთელი ყურადღება გადატანილი იქნა იმ საკითხზე, რომელიც ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მტკიცებულებების გაყალბებასა და პრეზუმფციის შელახვას,”- განაცხადა ბარათაშვილმა.
2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.