ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებს გარკვეული დაინტერესებული პირები მფარველობენ
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზის გამო, მხოლოდ ორი მოწმის დაკითხვა მოხერხდა, მათ შორის გამომძიებლის, რომელმაც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
“დღეს ორი მოწმე დაიკითხა, ერთი იყო გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით მან სასამართლოს მისცა ობიექტური და ამომწურავი ჩვენება, თუ რა ვითარებაში დაათვალიერა ადგილი, რა ნივთები და საგნები იქნა ამოღებული და ვინ მონაწილეობდა ტერიტორიის დათვალიერებაში“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
რაც შეეხება მეორე მოწმეს, მისი თქმით, ის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დაიკითხა და მოჰყვა თუ რა ვითარება დახვდა და ვინ ნახა ადგილზე.
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმეები ვერაფერს ადასტურებენ, მათ შორის კონკრეტულ გარემოებებს ვერ აღწერს პირი, რომელიც დაჭრის შემდეგ ადგილზე მივიდა.
“არც ერთი პირი არ იყო დაჭრის შემსწრე და, რა თქმა უნდა, მათი ჩვენებები არ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. დაცვის მხარე მივყვებით გეგმას და დავკითხავთ ყველა მოწმეს, რომელსაც მხარეები წარმოვადგენთ, გამოვიკვლევთ ყველა მტკიცებულებას და დარწმუნებული ვართ, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია და მისი ბრალის დადგენილებაც ძალიან განსხვავდება რეალობისგან. გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეული დაინტერესებული პირები მფარველობენ გარკვეულ დამნაშავეებს კონკრეტულ საქმეში“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
საქმეზე შემდეგი სხდომა 23 თებერვალს გაიმართება.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.