ადვოკატი ვარაუდობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგნენ
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგნენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, დ.ღ.-ს ადვოკატი გოჩა კვარაცხელია ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც მან ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოში შესვლამდე განუცხადა, ჯერ დაკავებულს გაესაუბრება. მისი თქმით, დ.ღ.-მ გამოძიებას სრულყოფილი პასუხები გასცა.

„ჯერ დ.ღ.-დ დაველაპარაკებით. ალბათ, მანამ გამომძიებელიც მოვა და ბრალს წაუყენებენ. გუშინ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვნახე. მან გამოძიების ყველას კითხვას ობიექტური და სრულყოფილი პასუხი გასცა. გამოძიებას მის მიმართ არანაირი კითხვები არ დარჩენია. დღეს თუ რამეს დააზუსტებენ და დამატებით კითხვები ექნებათ, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა.

ის დ.ღ.-ს ბრალთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ბრალთან დაკავშირებით მოვლენებს ნუ დავასწრებთ. ჯერ ბრალი წაყენებული არ არის. გუშინ რა კითხვებსაც უპასუხა, იქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მის ჩვენებაში არანაირი დანაშაული არ იკვეთება და ცრუ ჩვენება რაში გამოიხატება, ეს ბრალის ნაწილში ვნახოთ, – განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი არავის მხრიდან, ასეთი ფაქტები ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, დაკავებული დ.ღ.-ის მამაც იმყოფება, რომელიც ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

„სანამ მასალებს არ გადმოგვცემენ და არ გავეცნობით, ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა  დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.