ადვოკატი - თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს
ადვოკატი - თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორნიკე კაჭარავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატმა კაჭარავა თბილისის მთავარ სამმართველოში მოინახულა.

შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. იყენებს დუმილის უფლებას. ობიექტურობის კრიტერიუმიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე თემის განვრცობა და გაშლა არ არის საჭირო. იქნება კონკრეტული დრო და გარემოება, როცა ყველაფერთან მიმართებაში თორნიკე დააფიქსირებს თავის პოზიციას. მას აქვს პასუხი იარაღთან დაკავშირებით, თუმცა მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ თემის განვრცობა”,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ცდილობდა თუ არა კაჭარავა სამართალდამცავებისგან მიმალვას, ადვოკატი აცხადებს:

„მიმალვის აღქმა სხვადასხვაგვარია. ის ცდილობდა არ დაეშვა, რომ მის მიმართ უკანონობა არ განხორციელებულიყო“,- განაცხადა შოთა მანელიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავას ბრალს ხვალ წარუდგენენ.

თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თორნიკე კაჭარავა დააკავეს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.