ადვოკატი - თემურ აბაზოვის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენებაა, რომელიც არ არის სანდო
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატების განცხადებით, აბაზოვის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენებაა.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.
თემურ აბაზოვი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით უკვე მესამე თვეა პატიმრობაშია და ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ აბაზოვს მომხდართან კავშირი არ აქვს და საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებენ, შეაფასონ ის ჩვენება, რაც ამ საქმეზე დაზარალებულმა პირმა მისცა.
„სამი თვეა თემურ აბაზოვის მიმართ საგამოძიებო უწყებას ბრალი აქვს წარდგენილი. აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო ორგანოს ბრალის გასამყარებლად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება აქვს, რომელიც განმარტავს, რომ ჭიქა მას აბაზოვმა მიაწოდა და გარკვეული ქმედები მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა და დაზარალებული ცრუობს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ თემურ აბაზოვს ამ ჭიქასთან კავშირი არ ჰქონია. დაზარალებული განმარტავს, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული. ჩანს მისი სუბიექტური დამოკიდებულება თემურ აბაზოვის მიმართ. უნდა შეეფასებინა საგამოძიებო ორგანოს დაზარალებული პირის ჩვენება. იმედია, სასამართლო ობიექტურად შეაფასებს ჩვენებებს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.