ადვოკატი - თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან დეტალები ზუსტდება
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი.
როგორც მარიამ კუბლაშვილმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტს სპეციალურად შერჩეული თვითმფრინავით გადაიყვანენ.
„ვვარაუდობთ, რომ პაციენტის გადაყვანა მოხდება ოჯახის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ კლინიკაში. ამაზე ჩვენ გვაქვს დასტური. სახელმწიფოსგან მივიღეთ საგარანტიო წერილი, რომ ისინი მზად არიან, გადარიცხონ თანხა და აანაზღაურონ ყველა ის ხარჯი, რაც დაკავშირებული იქნება ტრანსპორტირებასთან, კლინიკაში მოთავსებასა და მკურნალობასთან. სავარაუდოდ, ეს დეტალები უნდა მოგვარდეს ერთ დღეში. იქნება სპეციალურად შერჩეული თვითმფრინავი, რომელზეც ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. ყველა დეტალი მოგვარდა, გარდა პროცედურული დეტალებისა“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმე რჩება.
ავტორი: თათია ჩავლეშვილი