ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საქმის წარმოების შინაარსზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
კითხვაზე, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან დაცვის მხარესთან დამატებით კითხვების გადმოგზავნა, ადვოკატმა აღნიშნა: „ამ საკითხის კომენტირებისას ვიქნები მაქსიმალურად ფრთხილი, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროსასამართლოში საჩივარი ნამდვილად გაგზავნილია. საქმის წარმოების შინაარსზე საუბარი, ჩემი აზრით, იქნება ამ ეტაპზე არაეფექტური და შესაძლოა, აღმოჩნდეს დამაზიანებელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებისათვის, ამიტომ შინაარსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად მოლოდინს, ჩვენი მოლოდინი არის იგივე, რაც იყო მანამდე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტს. იმედი გვაქვს, ამის დადასტურებას შევძლებთ ევროპულ სასამართლოშიც“.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დროებით ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი არის ჯერ ძალიან ადრე, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ მანამდეც, საჩივრის გაგზავნის დროსაც, რომ ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ევროსასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს, საქმე იქნეს განხილული არსებითად და იმსჯელოს, დაირღვა თუ არა ევროკონვენციის შესაბამისი მუხლი. ჩვენი კომუნიკაციის შინაარსს ვერ გეტყვით, მათ შორის ვერც სასამართლოს პოზიციის შინაარს, ეს საჯარო არ გამხდარა სასამართლოს მხრიდან და საჯარო არ გახდება ჩვენი მხრიდანაც. ჩვენ თავის დროზე საჩივართან ერთად გავაგზავნეთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ვთვლიდით, რომ ამომწურავად მოიცავდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კვლავინდებურად გავაგრძელებთ იმავეს გაკეთებას“, – განაცხადა თუთბერიძემ.