ადვოკატი - სააკაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია და აცილებასთან დაკავშირებით მითითება არ მაქვს
ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია და შესაბამისად, აცილებასთან დაკავშირებით მითითება არ მაქვს, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ინტერესებს ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე იცავს.
ადვოკატის განმარტებით, თუკი მიხეილ სააკაშვილი მის აცილებასაც მოითხოვს, ის ბრალდებულის პოზიციის შესაბამისად იმოქმედებს.
სასამართლოში ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და ამ დოკუმენტის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა მოითხოვა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე ადვოკატების აცილება მოითხოვა, – ამის შესახებ დღეს სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა.
მისი თქმით, სააკაშვილი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.