ადვოკატი - სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, 11 დეკემბერს იმსჯელებს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს, 11 დეკემბერს იმსჯელებს.
როგორც პაველ ბოგმაზოვმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილი შაბათ-კვირას წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს.
ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსთვის გადასაცემად მიხეილ სააკაშვილზე მასალების მომზადება დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.