ადვოკატი - რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს
ადვოკატი - რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი ბესიკ ბეგიაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალს არ აღიარებს.

როგორც პირველ არხს ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა განუცხადა, ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„ბრალი აბსურდული და დაუსაბუთებელია. არანაირ ძალადობას და იარაღის სროლას პერსონის მიმართ, ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. აქ საუბარია უბანში მყოფი პირების მხრიდან სამართალდარღვევაზე. მათ მოილაპარაკეს და ცრუ ბრალი შეუთითხნეს პოლიციელებს. ამ პირებმა პოლიციას წაართვეს საკავშირო საშუალება რაცია და გაიქცნენ. ისინი თავად ახდენდნენ პოლიციაზე ზეწოლას. პოლიციის სიცოცხლეს რომ დაემუქრა საფრთხე, სწორედ მაშინ მოახდინა პოლიციამ ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, პროკურატურას თავად აქვს მოპოვებული მტკიცებულება – ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, არც ერთ პირს დაზიანება არ აღენიშნება და ჩვენებებში კი წერენ, რომ „პოლიციამ ფეხებით და ხელებით სცემეს“.

„ეს არის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რასაც ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში დავამტკიცებთ“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული პოლიციელების აღკვეთის ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

პოლიციელებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა, რომლის გამოც ორი პოლიციელი დააკავეს, რუსთავში, 12 ნოემბერს მოხდა