ადვოკატი - რაც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება, ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებებიც ჰქონდეს
რაც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება, ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებებიც ჰქონდეს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა.
მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
ამასთან, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, გამოკითხვის პროცედურას არ დასწრებია.
„ჩატარდა გამოკითხვა ნებაყოფლობით. მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვითხოვთ სერიოზულ კვლევას.
ასევე ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა გადმოყვანის დროს. ტანსაცმელს ასევე აღენიშნება დაზიანებები. ეს არის შარვალი და პულოვერი, რომელიც გახეული არის. ამის ფოტოგრაფირებაც მოხდა. ეს ნივთები დაილუქა და გადაგზავნილ იქნება სავარაუდოდ ექსპერტიზაზე. დაზიანებებთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო აუცილებლად, რომ ბატონმა, რომელმაც ინტერვიუ მოგცათ, არ ესწრებოდა გამოკითხვის პროცედურას.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბუნებრივია, რომ ის თავს გრძნობს სუსტად, უფრო სუსტად, ვიდრე დილით. გადაადგილება ჯერ კიდევ შეუძლია, თუმცა ბუნებრივია, რომ სუსტდება თანდათან და ჯანმრთელობის შეუქცევადი გაუარესებისკენ მიდის“,- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, გიორგი მიქელაძის თქმით, სააკაშვილს ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აცხადებს, რომ სააკაშვილს სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა.