ადვოკატი - პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა, როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, მათზეა დამოკიდებული
პროცედურა არის ხელისუფლების ხელში; პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა და ნიკა მელია დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას ადვოკატები ხელისუფლებას, ევროკავშირსა და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად, მათთვის უცნობია დეტალები.
„დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ იქნა გადმორიცხული თანხა, თუმცაღა, არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ანუ ხელისუფლებასა და ევროკავშირს და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები.
რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა, ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ეს არის სამართლებრივი პროცედურა, თუმცაღა როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კონდახაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში, ნიკა მელია პროცესს ვერ დაესწრება იმის გათვალისწინებით, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ იგი დარბაზიდან გააძევა.
„პროცესი რომელიც ჩაინიშნება, უნდა ჩაინიშნოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. ეს არის სხდომა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნიკა მელია ამ პროცესს ვერ დაესწრება, თუმცაღა არ აქვს ამას მნიშვნელობა. ნიკა მელია გათავისუფლდება უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. ეს არის უკვე მოცემულობა და შესაბამისად, იგი პროცესზე იქნება, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გათავისუფლდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.