ადვოკატი - ოთარ აბესაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ადვოკატი - ოთარ აბესაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ოთარ აბესაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შესახებ აბესაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. დღეს წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარი იყო რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა 10 000-ლარიანი გირაოთი“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.