ოპოზიციონერი დეპუტატის და აქციების ორგანიზატორის ნიკოლ ფაშინიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ ფაშინიანის ადვოკატმა განაცხადა.
„ნიკოლ ფაშინიანი სევანის განყოფილებაში არ იმყოფება. განყოფილებაში მეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში ფაშინიანი იქ ჰყავდათ, შემდეგ კი გადაიყვანეს. შეკითხვაზე სად იმყოფება ახლა ფაშინიანი, არ მიპასუხეს. 1937 წელს ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე დღეს“,- წერს „ფეისბუქზე“ ფაშინიანის ადვოკატი რუსტამ ბადასიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხრეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, პოლიციამ ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი დააკავა.