ადვოკატი - ნიკანორ მელია არ აპირებს მიმალვას, იგი მზად არის, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე
ნიკანორ მელია არ აპირებს მიმალვას, იგი მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ამ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის ბრალდების დადგენილების ჩასაბარებლად მივიდა.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში ამ წუთებშიც ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება.
„ამ საქმეში პირველივე წუთებიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან და ვთხოვდით გადმოეცა მტკიცებულებები, რას ეყრდნობა ბრალდება, თუმცა ამ წუთამდე არავითარი მტკიცებულება არ გაგვცნობია. ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში გადააგზავნეს სისხლის სამართლის საქმის მასალები და ათასი აბსურდული ბრალდების გამო ითხოვენ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას.
ნიკა მელია პირდაპირ მიუთითებდა მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, ხელებაწევით შევიდეთ და გავაპროტესტოთ პარლამენტის ეზოში ის პროტესტი რაც არსებობდა რუსთაველის გამზირზე, თუ კი ეს არის გადატრიალება, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ბუნტი, დამერწმუნეთ ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი აბსურდი.
მე არ ვიცი რას ეყრდნობა პროკურატურა და აშკარაა, რომ ამ წუთებშიც ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, თორემ ამ შემთხვევაში ვალდებულები იყვნენ გუშინვე გადმოეცათ ჩვენთვის მტკიცებულებები. თუ კი ეს განცხადებები არის საფუძველი და ის რაც საზოგადოებამ იხილა, ეს სამართლებრივი კვალიფიკაციით არ ჯდება იმ ბრალდებაში, რომელიც გაცხადებული იქნა. არავითარი მასობრივი ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ბუნტი და ათასი ინსინუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელია ამჟამად პარლამენტში იმყოფება.
„თვითონ არის ამჟამად პარლამენტში, მე როგორც მისი ინტერესების დამცველი გამოვცხადდი და მზად ვარ ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, ასევე თუ გადმოგვცემენ რაში ედება ბრალდება მტკიცებულებებს ძალიან დაგვავალებენ. არსად მიმალვას ნიკანორ მელია არ აპირებს, იგი მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია აი ამ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა.