ადვოკატი მელიქიშვილის გამზირზე ინციდენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობას უარყოფს
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის, კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამასთან, მისივე განცხადებით, უარყოფს კონფლიქტში რაიმე სახით ჯორბენაძის ჩარევას.
ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ის თავის დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრა, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობა უარყო, თუმცა მისივე თქმით, დაჭრილი გიორგი ადუაშვილი კლინიკაში თავად კონსტანტინე ჯორბენაძემ გადაიყვანა. თუმცა, იყო თუ არა შემთხვევის ადგილას ჯორბენაძე ან საიდან მოხვდა იქ, ადვოკატის თქმით, ჯერ კომენტარის გაკეთება უჭირს.
როგორც კაკაბაძემ ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ჯორბენაძეს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინება, რაც არასწორია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დანაშაული არ ჩაუდენია.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 1989 წელს დაბადებული გიორგი ადუაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯორბენაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.