ადვოკატი - ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის მასალებიდან ყველაფერი ნათელია, იმედია, მოსამართლე გამოიტანს მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ჩვენი ამოცანაა, დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებას ამ საქმის ჩვენებური ხედვა, გავაკეთოთ იმ მტკიცებულებათა ანალიზი, რომელიც ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა, – ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დასკვნა არის ერთადერთი, რომ ფულის არანაირი გათეთრება საქმეში არ არის.
„ნებისმიერი ობიექტური იურისტი და იმედი მაქვს, მოსამართლეც, გამოიტანს მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არ შეიძლება თეთრი ფული გაათეთრო, როდესაც არის საუბარი შავი ფულის გათეთრებაზე. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ავთანდილ წერეთელს, მისი მონაწილეობა ამ თანხების განკარგვაში უბრალოდ გამორიცხულია. საქმის ფიგურანტებმა სად გადარიცხეს ეს ფული, რა მიზნით და მოტივაციით, მერწმუნეთ, რომ ავთანდილ წერეთელს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, არც უნდა ჰქონოდა და არც გამოვლენილა სასამართლოში არც ერთი მსგავსი მტკიცებულება. არ მინდა მოლოდინები განვსაზღვრო ბრალდების მხარის ქმედებებიდან და მათი მოლოდინებიდან. გასაგებია, მათ აქვთ თავისი მოლოდინები, მაგრამ არის საქმე, მტკიცებულებები და ეს საქმე არსად იკარგება, არც დაიკარგება. საქმის მასალებიდან ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.