ადვოკატი - ჰოი, საოცრებავ, მოსამართლის გადაწყვეტილება დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად
ადვოკატი - ჰოი, საოცრებავ, მოსამართლის გადაწყვეტილება დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად

მსოფლიოში პირველად პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმის კლასიკური მაგალითი, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვყავს საქართველოში.

„მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის ალბათ წუთების ამბავი. ჰოი, საოცრებავ, დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად. ეს იყო იმის კლასიკური მაგალითი, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვყავს საქართველოში.

იურისტთა წრეში ამ საქმემ უკვე ფაქტობრივად, შეიძინა სამართლებრივი „ნოუ-ჰაუს“ მაგალითი, ყველა ნაბიჯზე ხდება რაღაც სამართლებრივი პრეცედენტი. მსოფლიოში პირველად პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თანხაშიც კი არ მიუციათ განსხვავება, ეს არის იმის მაგალითი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებენ ხელისუფლებაში, სწორედ ისე ვითარდება მოვლენები. როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, ისე პოლიტიკურად გაუშვეს. ვინმეს ხომ არ აქვს იმის ილუზია, რომ რაც სასამართლოში ხდებოდა, ეს იყო სამართლებრივი პროცესი. ნამდვილად არა“, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო.