ადვოკატი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს არც კონფლიქტში და არც მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია
ადვოკატი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს არც კონფლიქტში და არც მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული სპორტსმენის, მოჭიდავე გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. მისი თქმით, გიგა ტატიაშვილი არც კონფლიქტში მონაწილეობდა და შემთხვევის ადგილზეც მხოლოდ მძღოლის ფუნქცია ჰქონდა.

„გიგა ტატიაშვილს მეგობრებმა სთხოვეს და იძულებული გახდა დახმარებოდა, თუმცა მას მხოლოდ მძღოლის ფუნქცია ჰქონდა. ჩვენ ვასაჩივრებთ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მასალები ჩაგვბარდა გვიან ღამით. კითხვის ნიშნები სულ უფრო იმატებს. კაცი, რომელიც ევროპის ჩემპიონია, სიმაღლეში არის 190 სმ და 140 კგ, ნაკლებად სავარაუდოა, რამე მილით სიარული სჭირდებოდეს. როდესაც ის მცხეთისკენ დაიძრა, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა შურისძიებაზე. გიგა ტატიაშვილი პირველ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას მოტივაცია არ აქვს შურისძიების. ის არ ჩარეულა კონფლიქტში. მონაწილეობა მას არ მიუღია არც კონფლიქტში, არც ორგანიზებაში“, – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.