ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წინააღმდეგი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მედიკოსთა ჯგუფი ჩაერთოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულოს.
ამასთან, ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება.
ბასილაიას განმარტებით, მას დღეს შიმშილობისგან გამოწვეული სიფერმკრთალე აღენიშნებოდა.
„დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები. დღეს მიშა გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად. ის ჩივილები, რომლებიც უკვე არსებობდა, გამძაფრებულია. საუბარია გადაადგილების სირთულეებზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უკვე ბუნებრივი თანმდევი პროცესია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, ამავდროულად, სააკაშვილი არის მორალურად უაღრესად მხნედ.
„მოუწოდებს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება მედიკოსების ჯგუფთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, სააკაშვილს საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, უბრალოდ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადი ექიმის შესვლა.
„არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს, კიბატონო, ჩაერთონ ეს ექიმები. უბრალოდ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ყოველგვარი სპეკულაციები რომ ავირიდოთ თავიდან, კიბატონო, თანახმაა. არავის არაფერი დასამალი არ აქვს. სპეკულაციები ის უფროა, რაღაც ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ და მის პირად ექიმს არ ეძლევა შესვლის საშუალება“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.
მათივე განმარტებით, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.