დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო,- ამის შესახებ კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
„მას უკვე გადეცა დაკავების ოქმი, სადაც პოლიციელზე თავდასხმაზეა საუბარი. დავითი აცხადებს შიმშილობას და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. კატეგორიულად გამორიცხავს რომელიმე პოლიციელზე ძალადობის განხორციელებას და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება“,- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი კონდახიშვილი მტკიცებულებების გადაცემას ხვალისთვის ელოდება
„ხვალ საღამოს ან ზეგ დილით გადმოგვეცემა მტკიცებულებები და გავიგებთ, რა სახის ბრალდებები იქნება“,- აღნიშნა ადვოკატმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.