ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება
ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება.
როგორც პირველ არხს პროკურატურიდან აცნობეს, საგამოძიებო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე, გამომძიებელი და პროკურორი, საქმეზე დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ადვოკატის მოსაზრებებს გაეცნობიან.
ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი ინტერესების დამცველს შესთავაზა, მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება.
ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.