ადვოკატი აცხადებს, რომ თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ბრალს არ აღიარებს
თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის ადვოკატი მალხაზ ალაყაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
მისი განცხადებით, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ დაკავებულმა პირებმა ვინმეს თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.
ადვოკატის განცხადებით, კრიპტოვალუტები არ არის აკრძალული საქმიანობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ინტელექტუალურ დახმარებას გასცემდნენ.
„ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ეს არ არის უბრალოდ ახირება, ეს არის მათი მყარი პოზიცია. პოზიცია, რომელიც ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მრავალტომიანია, სადაც მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ რაიმე სამხილი არ არის. ეს არის კანონით დაშვებული ჩვეულებრივი საქმიანობა, არ არის აკრძალული, ადამიანს ინტელექტუალური ცოდნის გაღრმავებაში მიეხმარო. ისინი გარკვეულწილად აძლევდნენ შესაბამის ცოდნას. მე მაქვს საუბარი ჩვენს ქვეყანაში კი არა, ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ ნებადართულ საქმიანობაზე. კრიპტოვალუტა, ეს პირველად მესმის. ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენს ქალაქში ბლომად არის სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებს ჩართულობისკენ. არავისგან თანხა არ წაურთმევიათ. ეწეოდნენ ინტელექტუალურ საქმიანობას. დანარჩენი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ. ბრალდების ვერსიებია ეს და მათი ვარაუდია. ამას სჭირდება მტკიცებულებები და ჩვენ მზად ვართ, ყველა მათ შეკითხვას არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს ათ და ისრაელის ერთ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.