ადვოკატი აცხადებს, რომ რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთში ძებნაშია გამოცხადებული, ევროპაში იმყოფება
რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთში ძებნაშია გამოცხადებული, ევროპაში იმყოფება. ამის შესახებ მედია ოვსიანიკოვას ადვოკატზე დაყრდნობით წერს.
როგორც ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი აცხადებს, მარინა ოვსიანიკოვა ამჟამად იმყოფება უსაფრთხოდ, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. დაცვის მხარეს სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია. ამასთან, უცნობია, იმყოფება თუ არა ოვსიანიკოვასთან ერთად მისი 11 წლის ქალიშვილი.
17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლოში გაიმართა სხდომა პირველი არხის ყოფილი რედაქტორის მშობლის უფლებების შეზღუდვის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ 11 წლის ბავშვი მამასთან უნდა დარჩეს, ოვსიანიკოვას კი ორი შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 35 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა. თავად ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ქმრის საქციელში ხელისუფლების ზეწოლას ხედავს.
14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც მაშინ რუსეთის პირველ არხზე რედაქტორად მუშაობდა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო პლაკატით გამოჩნდა. ის დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. მას შემდეგ, ის კიდევ ორჯერ დააჯარიმეს: ილია იაშინის საქმეზე სასამართლოსთან წარმოთქმული სიტყვის გამო და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. ზაფხულში ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრეს საქმე რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებისთვის პიკეტის დროს გამოტანილი პლაკატის გამო, რომელზეც ეწერა: „პუტინი მკვლელია, მისი სამხედროები – ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ თქვენ გაჩერდეთ?“ სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა.
ოქტომბერში ოვსიანიკოვას ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ ის 11 წლის ქალიშვილთან ერთად შინაპატიმრობიდან გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა.