ადვოკატი აცხადებს, რომ ჰანტერ ბაიდენი გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალის აღიარებას აპირებს
ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი აპირებს, შეცვალოს თავის პოზიცია საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის საქმეზე. ჰანტერ ბაიდენის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, აღიაროს ბრალი საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დაწყებამდე.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეში აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის სამი დანაშაული, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადების გადაუხდელობასთან, გადასახადებისგან თავის არიდებასა და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენასთან.
მასალების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა ოთხი წლის განმავლობაში არ გადაიხადა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადი შემოსავლებიდან, რომლებსაც იღებდა უცხოური კომპანიებისგან.
გასულ თვეში „გადასახადების“ საქმეში გამოჩნდა ახალი ეპიზოდი, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს რუმინელმა ოლიგარქმა, გაბრიელ პოპოვიჩიუმ ჰანტერ ბაიდენი აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე გავლენის მოხდენის მიზნით დაიქირავა.
ივნისში ჰანტერ ბაიდენი ცნეს დამნაშავედ იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.