ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე მომხდარი ინციდენტების ადგილზე არ უნახავს
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე მომხდარი ინციდენტების ადგილზე არ უნახავს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ ძალადობის მუხლით წარუდგენენ ბრალდებას. მისი თქმით, ბარბაქაძე დილის შვიდ საათზე აიყვანა პოლიციამ.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე მომხდარი ინციდენტების ადგილზე არ უნახავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა აგარაკის ინციდენტში, იყო მსხვერპლი, მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ქეჩოში მოკიდეს და ათრიეს, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე. მან და მისმა მეგობრებმა განარიდეს იქაურობას თავი, წამოვიდნენ თბილისში, მის მეგობრებს მძიმე დაზიანებები ჰქონდათ თავის არეში, მკურნალობა დასჭირდათ. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ორი მეგობარი იქ იყო დარჩენილი და სთხოვეს, ჩვენც წაგვიყვანეთ, რადგან ჩვენს მიმართაც ხორციელდება ძალადობაო. ისინი დაბრუნდნენ, სწორედ მანდ მოხდა ხიდის ეპიზოდი, როდესაც დაინახეს ეს მოძალადეები ხიდთან, გააჩერეს ავტომობილი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, „მერსედესის“ მარკის ტიპის ავტომობილით იყვნენ, ტატიშვილის მანქანით.

რკინის ხელკეტებთან ან ხის ხელკეტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. გუშინ რაც დავათვალიერეთ ვიდეოჩანაწერები, იქ არსად არ არის ასახული აღნიშნული. როდესაც გადმომეცემა დოკუმენტაცია, სადაც იქნება, თუ არსებობს ასეთი ხელკეტი ან სხვა რაიმე ნივთი, შემდგომ მეცოდინება ინფორმაცია. ვიდეოს დათვალიერების დროს იქ არანაირი ხელკეტი არ ყოფილა, არც ოქმში არ აისახა ხელკეტის არსებობა.

რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს, მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც არაკზე არ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, შესაბამისად ხიდის ტერიტორიაზე ის არ უნახავს, არ შეუმჩნევია და რომც შეემჩნია, მათ მიმართ დაპირისპირება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ვინაიდან სუბიექტები არ იყვნენ დაპირისპირებულები“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.