ადვოკატი აცხადებს, რომ ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედის გადაწყვეტილება მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდება
ადვოკატი აცხადებს, რომ ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედის გადაწყვეტილება მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდება

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედის, ირმა მაისურაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

როგორც ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულ დედას თავდაპირველად აბორტის გაკეთება სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.

„მცირეწლოვანი ბავშვის დედა ირმა მაისურაძე აღიარებს, რომ გადაიფიქრა აბორტი. ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. გადარჩა ბავშვი. მე ვფიქრობ, ამ შვიდი კაცის პასუხისგებაში მიცემა იმად ღირდა, რომ ეს პატარა ბიჭი დაბადებულიყო. ეს არის მარტოხელა დედა, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე, ჰყავს ერთი სტუდენტი შვილი, რომელიც მის კისერზეა და ის არჩენს და არის ეკონომიკურად შეჭირვებული. ყველაფერი ის, რაც აბორტს უკავშირდება და ბავშვის მოშორების გადაწყვეტილებას, არის დამოკიდებული მის მატერიალურ სიდუხჭირესთან. ექიმმა ურჩია, იქნებ შეენარჩუნებინა ბავშვი და ამით დამთავრდა ეს სიტუაცია. ექიმს მისთვის შვილი გაყიდეო არ ურჩევია. მე არ ვიცავ კლინიკის ექიმებს. ნამდვილად არ ვიცი არიან თუ არა ჩართულები. არის დიდი ვარაუდი, რომ არ ყოფილიყვნენ ჩართულები და სიტუაცია მივიდა გაშვილების მომენტამდე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვის მყიდველები რეალურად ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა.

„ირმა მაისურაძე არის ძალიან დათრგუნული. ხუთი დღის წინ საკეისრო კვეთით დაიბადა ბავშვი. ბრალდებული საავადმყოფოდან პირდაპირ მოხვდა საპატიმრო ადგილზე და პროცესზე ის ძალიან ცუდად გახდა, ამიტომ მის გარეშე იყო განხილული საქმე. მყიდველი ამ შემთხვევაში არ გვყავდა. ოპერატიულ სამსახურში იყო ინფორმაცია​, რომ იყიდება ბავშვი და მყიდველი ფაქტობრივად გამოგონილი ადამიანები არიან. საქმეზე ყველას ბრალი ედება მცირეწლოვანი ბავშვის გაშვილების უკანონო გარიგებაში. ტრეფიკინგი არ არის. დედა არ არის გათავისუფლებული, გირაო ვერ გადაიხადა. მოსამართლემ საკმაოდ სამართლიანად, ყველაზე მინიმალური ოდენობა, ორი ათასი ლარი შეუფარდა. ჯერ ვერ გადაიხადა, მაგრამ მას აქვს 30-დღიანი ვადა და ამ პერიოდში ვეცდებით, რომ გადაიხადოს. ცხოვრებამ აიძულა ეს, თუმცა ეს არ უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვნით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი 6 თებერვალს დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მეორე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადაეცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

სასამართლომ ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს გირაო შეუფარდა. დაკავებულებისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების საკითხი ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.