ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხი პატიმარი შიმშილობს
ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ.
როგორც მსჯავრდებულების ადვოკატებმა, როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პროტესტის უკიდურეს ფორმას ოთხი ადამიანი მიმართავს.
მათი ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია, შიმშილობს, რის გამოც, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
ადვოკატების თქმით, პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემას ედავება.
დაკავებულების ინტერესების დამცველები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.