ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა ხვალ ეწურება
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა ხვალ ეწურება. როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მისივე განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლო ნიკა მელიას საქმეს წარმოებაში თუ არ მიიღებს, ეს უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება, თუმცა ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს შეეძლება, აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვოს.
„ცხადია, საჩივრის შეტანის დროს არ გვქონია იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოში მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. ჩვენ ვიცით, რომ ნიკა მელიას საქმეზე ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან მიიღება. ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, ვრჩებით იმ სიტუაციაში, რომ ნიკა მელია რჩება პოლიტიკურ პატიმრად, რაც სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის. სააპელაციო წარმოებაში თუ არ მიიღებს ნიკა მელიას საქმეს, ნებისმიერ დროს როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს შეუძლია, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, როცა ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოვლინდება“, – დიმიტრი საძაგლიშვილმა.