ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოსამართლეს ეჭვი თუ გაუჩნდება, რომ პირის მიმართ წამება ან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა, უფლებამოსილება ექნება, საგამოძიებო ორგანოს მიმართოს
ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოსამართლეს ეჭვი თუ გაუჩნდება, რომ პირის მიმართ წამება ან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა, უფლებამოსილება ექნება, საგამოძიებო ორგანოს მიმართოს

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოსამართლეს ეჭვი თუ გაუჩნდება, რომ პირის მიმართ წამება ან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა, უფლებამოსილება ექნება, რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოს მიმართოს. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის.

დღეს მოქმედი კანონი მსგავს ნორმას სისხლის სამართლის წესით ბრალდებული ან მსჯავრდებული პირების მიმართ ითვალისწინებს, თუმცა იგივე გარანტია ადმინისტრაციული საქმეების წარმოების შემთხვევებში გათვალისწინებული არ არის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივის მიზანია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და ამ მიზნით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის შესასრულებლად იდენტიფიცირებული გაუმჯობესების შეთავაზება.

„აღნიშნული რეკომენდაციების მე-4 პუნქტი ითვალისწინებს მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება მათ შორის ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა: წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.აღნიშნული საქმეების ეფექტიანად გამოძიების უზრუნველმყოფი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ დანაშაულის დროული გამოვლენა და დაუყოვნებლივ შეტყობინება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსადმი, ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, რაც მთლიანად სამსახურის ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, – ნათქვამია კანონპროექტში. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის 12 რეკომენდაციას უკავშირდება.