ადიდებულმა რიონმა ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო
ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა რიონმა, რაჭაში, სოფლების ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ამ დროისთვის, გარესამყაროს 50-მდე ოჯახია მოწყვეტილი. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს. არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, აბროლაურის მუნიციპალტეტში მდინარე ლუხუნის ადიდების გამო საავტომობილო გზა ჩაიკეტა, თუმცა რამდენიმე საათში, პრობლემა აღმოიფხვრება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
„სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი არის წაღებული. გარესამყაროს მოწყვეტილია 50-მდე ოჯახი, ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული, ველოდებით წყლის დონის დაკლებას მდინარეზე და დავიწყებთ სამუშაოებს. მხოლოდ ორ ოჯახს დაეტბორა სავარგული ღებში, ცოტა ხნის წინ გახლდით იქ. ამ წუთის მდგომარეობით, წყლის დონემ დაიწყო დაკლება. სავარაუდოდ, ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ხვალისთვის მოგეცემა საშუალება, რომ ტექნიკამ იმუშაოს“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.