ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ უკვე გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნას 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის თარიღს. კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოების პირველი სხდომები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს, შედეგები კი ცესკო-მ 13 ნოემბერს შეაჯამა.